აშშ უკრაინისთვის მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს - Reuters

შეერთებული შტატები უკრაინისთვის მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა. „დახმარების პაკეტში შედის მანქანები, Stinger-ის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალები, დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მოძრავი საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, TOW-ს და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა და სხვა იარაღები, რომლებიც შეიძლება, დაუყოვნებლივ იყოს გამოყენებული ბრძოლის ველზე,“ წერს სააგენტო.



შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.