სტოლტენბერგი უკრაინისთვის „ძლიერ გადაწყვეტილებებს“ აანონსებს

NATO-ს სურს, შექმნას მიდგომები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას „უფრო მტკიცე და პროგნოზირებადს“ გახდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს ვარშავაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NATO-ში ახლა განიხილავენ უკრაინისადმი უფრო მყარ და პროგნოზირებად საფუძვლებზე დამყარებულ მხარდაჭერას, მათ შორის, მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულებით.


მისი თქმით, გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღეს მიიღება, მომავალი თაობებისთვის ექნება შედეგები. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი აგრესიული ომისთვის მხარდაჭერას იღებს ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან.


„ეს გვახსენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, უსაფრთხოება გლობალურია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


მან დასძინა, რომ NATO არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ ესწრაფვის კონფლიქტს რუსეთთან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ალიანსი აპირებს, უზრუნველყოს მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება.

„NATO-ს 10,000 ჯარისკაცი, რომელიც აქ პოლონეთშია განთავსებული, აგზავნის უტყუარ გზავნილს, რომ NATO დაიცავს ყველა მოკავშირეს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.