WSJ: რუსეთის დახმარების გამო, აშშ ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

შეერთებული შტატები ამზადებს სანქციების პროექტს, რამაც, შესაძლოა ჩინეთის ზოგიერთ ბანკს დაარტყას. მიზანი რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის მხარდაჭერის შეჩერებაა.


ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციები ესკალაციის ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ზომები ვერ დაარწმუნებს პეკინს, შეზღუდოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში. შესაბამის სტატიას გამოცემა Wall Street Journal-ი აქვეყნებს. დოლარზე ბანკების წვდომის შეწყვეტა ხშირად გამოიყენება როგორც უკანასკნელი საშუალება, რადგან ასეთი სანქციები ხშირად, ინსტიტუტების გაკოტრებას იწვევს.


ეს ასევე განსაკუთრებულ რისკს უქმნის ჩინეთს ნელი ეკონომიკური აღდგენისა და მზარდი ვალის ფონზე. მასალაში არ არის მითითებული, რომელ ბანკები შეიძლება, დაექვემდებაროს სანქციებს.


ამ დრომდე ვაშინგტონს არ სურდა სანქციების დაწესება მსხვილ ჩინურ ბანკებზე, რადგან ანალიტიკოსები დიდი ხანია, განიხილავდნენ ამ ვარიანტს, როგორც "ბირთვულ" ვარიანტს, რადგან მას შეუძლია, ჰქონდეს გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე.


მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ პეკინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიული ომისთვის კრიტიკული კომპონენტების მთავარი მიმწოდებელია. მანამდე, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ აშშ-მ ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვაშინგტონი მათ სანქციების დაწესებით დაემუქრა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ ჩინეთი პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს.