ჯო ბაიდენი: მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავსი ტირანებისგან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელს მოაწერს დოკუმენტს, როგორც კი ის ხვალ მის მაგიდაზე მოხვდება. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც სენატმა უკრაინის მხადრაჭერის პაკეტი დაამტკიცა.


„მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს და მივმართავ ამერიკელ ხალხს, როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდას მიაღწევს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა. აუცილებლობა გადაუდებელია: უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან უწყვეტი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელმაც ირანის მხრიდან ცოტა ხნის წინ უპრეცედენტო თავდასხმები განიცადა; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, ღაზის სექტორში, სუდანსა და ჰაიტიში და პარტნიორებისთვის, რომლებსაც სურთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


მან ასევე მადლობა გადაუხადა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, „რესპუბლიკელ“ ლიდერს მიჩ მაკკონელს და ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა.


„ეს მნიშვნელოვანი კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავსი ტირანებისგან,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.