სომხეთის პარლამენტის სპიკერი ყველა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ყველა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა


  • ესპანეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სიმონიანმა განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ „კონფერენციის ფოკუსი არის უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საკითხები“, მას სურს დაადასტუროს, რომ სომხეთი „მტკიცედ იცავს უკრაინის, ასევე, მოლდოვის, საქართველოს, კვიპროსის და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.“

სიმონიანის ამ განცხადებას მისი რუსი კოლეგის აღშფოთება მოჰყვა. კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ ცნობით, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ პარლამენტის წევრებს დაავალა, მოამზადონ და სომხეთის პარლამენტში გაგზავნონ მოთხოვნა  - სპიკერ ალენ სიმონიანის „ანტირუსულ განცხადებებთან დაკავშირებით.“


„ჩემს კოლეგას, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მინდა დავუსვა კითხვა: ვისი სახელით გაახმოვანა ასეთი ისტორიები? რა თქმა უნდა, არა - სომეხი ხალხის სახელით, რომელთანაც რუსეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ასეთი რუსოფობიური რიტორიკა. სომხეთის პარლამენტს წერილობით თხოვნას გავუგზავნიდი და ვკითხავდი, ვისი სახელით ლაპარაკობდა და იზიარებს თუ არა სომხეთის პარლამენტი ამ შეხვედრაზე გამოთქმულ შეფასებებს,“ - განაცხადა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა.