ლიეტუვის ელჩი: ჯერ კიდევ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რონდელის ფონდის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ახლა საქართველო ისე ახლოსაა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან, როგორც არასდროს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კადიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ შესრულდება და განორციელდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.


ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.

„9 ნაბიჯს შორის არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციას და ჩარევას ევროკავშირისა და სხვების წინააღმდეგ და ასევე ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.


ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მოვლენების ეს განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს ლიეტუვაში. ჯერ კიდევ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გამოიყენებს ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გაფართოების პროცესთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.