აშშ უკრაინისთვის $6 მილიარდის ღირებულების იარაღის მიწოდების კონტრაქტებს ამზადებს - მედია

Politico-ს ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის დღემდე ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს.

კერძოდ, აშშ ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 6 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე კონტრაქტების გასაფორმებლად.

პაკეტი, რომელიც შეიძლება, პარასკევს გამოცხადდეს, უკრაინისთვის დამტკიცებული 61 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ნაწილია.


გამოცემა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, დრონებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო იარაღს და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო შეხვედრაზე, დღეს გამოაცხადებს.


შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს.

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.