24 აპრილს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. ყაზახეთში ბრიტანეთის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს ქემერონი შეხვდა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს მურატ ნურტლეუს, რომელთანაც ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის, ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
საელჩოს განცხადებით, ეს დოკუმენტი „სამართლებრივი საფუძველი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის კიდევ უფრო ფართო სფეროებში, მათ შორის, განათლების, კრიტიკული წიაღისეულის, კლიმატის ცვლილების, ფინანსებისა და ბიზნეს გარემოს, თავდაცვისა და უსაფრთხოებისა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციების მიმართულებით.
ვიზიტის დროს, დევიდ ქემერონმა გამოაცხადა 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადაცემის შესახებ, რომელიც ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური განვითარების პროექტებს მოხმარდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში - მათ შორის ეს არის ეკონომიკური რეფორმებისთვის ჩადებული ინვესტიცია. ეს მოიცავს კლიმატის რეგიონული პროგრამას, რომლის ღირებულებააც £19,5 მილიონია.
ბრიტანულმა კომპანია Carpark Transformer-მა ასევე ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსპორტის დეპარტამენტთან, რათა ააშენოს თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა საავტომობილო სერვისები ელექტრო მანქანების დამტენი სადგურებით.
ვიზიტის ფარგლებში ქემერონი ასევე შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. თოყაევის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიენტმა აღნიშნა ქემერონის ყაზახეთში ვიზიტის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს დამატებითი იმპულსია.
„ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის დინამიკურ განვითარებას დიდ ბრიტანეთთან, ჩვენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან. განსაკუთრებით, მინდა, აღვნიშნო სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ დღეს გაფორმებული შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი ხარისხობრივად ახალ საფუძველს ჩაუყრის ჩვენი მრავალმხრივი ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებას,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ქემერონმა მადლობა გადაუხადა თოყაევს და გაიხსენა მისი პირველი ვიზიტი ყაზახეთში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში.
„11 წლის წინ ვიმყოფებოდი აქ სტრატეგიული დიალოგის დასაწყებად. დღეს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთქმედება ენერგეტიკის, განათლების, ბიზნესის, კულტურის სფეროებში, ასევე, გავაძლიეროთ ინტერპერსონალური კავშირები,“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. „თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე,“ განმარტა თოყაევის პრესსამსახურმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ღიაა ყაზახეთთან უფრო ღრმა პარტნიორობის დასამყარებლად.
ასტანის მიერ რუსეთთან და ჩინეთთან მუდმივი კავშირებისა და თანამშრომლობის შენარჩუნების ფონზე, ქემერონმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთს ასევე აქვს „არჩევანი, ჰქონდეს უფრო ღრმა პარტნიორობა ბრიტანეთთან.“
ქემერონის თქმით, თოყაევთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ყაზახეთის მთავრობის ამჟამინდელი ძალისხმევა საზღვარგარეთ დაცული უკანონოდ მოპოვებული აქტივების ყაზახეთში დაბრუნების თაობაზე.
მან ამ ძალისხმევას „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისი თქმით, ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შემოიღო ე.წ. „დაუდგენელი სიმდიდრის ორდერი“. მისი საშუალებით, შესაძლებელია, დადგინდეს, საიდან არის ვინმეს სიმდიდრე და თუ ის მოპარულია, „ჩვენ შეგვილია, მისი ჩამორთმევა და დაბრუნება,“ აღნიშნა ბრიტანელმა დიპლომატმა. ბრიტანეთმა ეს "ორდერი" 2017 წელს შემოიღო.
„მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს მშვენიერი პარტნიორობა განათლების, ბიზნესის, ეკონომიკის, ვაჭრობის, პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროში. მე ამ ზრდას ვაკვირდები მას მერე, რაც პირველად ჩამოვედი აქ, 13 წლის წინ. არსი იმაშია, რომ ჩვენ ნებაყოფლობითი პარტნიორი ვართ, ესაა არჩევანი, რომელიც შეგიძლიათ, გააკეთოთ, თუ გსურთ გააკეთოთ არჩევანი,“ - აღნიშნა ქემერონმა.
ცნობისთვის, ბრიტანელი დიპლომატი ამ რანგში პირველი ვიზიტით ასევე იმყოფებოდა ყირგიზეთში. მან განაცხადა, რომ ის ცდილობს, ხაზი გაუსვას ბრიტანეთისა და ყირგიზეთის საერთო ინტერესებს ცენტრალური აზიის ქვეყანაში. ქემერონმა რადიო თავისუფლებას 22 აპრილს ინტერვიუში განუცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას დღის წესრიგში აქვს საერთო ინტერესების "მთელი სერია", განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების, ვაჭრობის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში.
სადირ ჯაფაროვთან შეხვედრაზე ქემერონმა ისაუბრა „ჯანსაღ და მოქმედი დემოკრატიის მნიშვნელობაზე„ და რომ ეს არის როგორც ბრიტანეთის, ისე, ყირგიზეთის ინტერესებში. მანვე აღნიშნა, რომ სამყარო გახდა უფრო კონკურენტუნარიანი და სადავო ადგილი, სადაც დიდი ურთიერთშეჯიბრია.
კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე, მან აღნიშნა რომ მისი გზავნილი ყირგიზეთისთვის შემდეგია: მას არ სურს, ქვეყანამ აირჩიოს ერთი პარტნიორი მეორეს გამორიცხვით ან უარყოს პარტნიორები, რომლებიც უკვე ჰყავს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ახალი პარტნიორი, რომელსაც სურს, ითანამშრომლოს თქვენთან საერთო ინტერესებით, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ წარმატებას“, განაცხადა ქემერონმა.