შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატის უსაფრთხოების კომიტეტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ფრანკის ღირებულების დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.
დახმარება უფრო ფართო, 10.1 მილიარდი ფრანკის ღირებულების პაკეტის ნაწილია, რომელიც შვეიცარიის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ფინანსურმა კანონპროექტმა პარლამენტში კიდევ უნდა გაიაროს რამდენიმე ეტაპი, ვიდრე კანონად დამტკიცდება. მემარჯვენე პარტიები შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან.
პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი სახსრები უკრაინაში ცხოვრებისა და გადარჩენისთვის საჭირო ყოველდღიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის არის განზრახული.
შვეიცარია 15-16 ივნისს უმასპინძლებს გლობალური მშვიდობის სამიტს - საერთაშორისო შეხვედრას უკრაინის მშვიდობის ფორმულის მონაწილე ქვეყნების ლიდერების დონეზე.