ბლინკენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა დაინახა მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის მომავალ არჩევნებზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატებმა დაინახა მტკიცებულება ჩინეთის მცდელობების შესახებ, რომ მან „ზეგავლენა მოახდინოს და სავარაუდოდ, პეკინი ჩაერიოს“ აშშ-ის მომავალ არჩევნებში. 

ბლინკენმა ეს განცხადება CNN-ის ინტერვიუში პარასკევს, 26 აპრილს, ჩინეთში სამდღიანი მოგზაურობის დასასრულს გააკეთა.


ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინშიც გაიმეორა გზავნილი, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სი ძინპინს გასული წლის ნოემბერში, სან-ფრანცისკოში სამიტის დროს გადასცა - კერდოდ, ის რომ, ჩინეთი არ ჩარეულიყო აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. CNN-ის ცნობით, მაშინ ჩინეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პეკინი ამას არ გააკეთებდა.


„ჩვენ ვნახეთ, ზოგადად, გავლენის მოხდენის და სავარაუდოდ, ჩარევის მცდელობის მტკიცებულებები და გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად შეწყდება,” - უპასუხა ბლინკენმა კითხვას, არღვევდა თუ არა ჩინეთი ბაიდენის წინაშე სი ძინპინის მიერ დადებულ პირობას.


პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ ერევა აშშ-ს არჩევნებში, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპიდან გამომდინარე. ჩინეთს ან აქტორებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პეკინთან არიან დაკავშირებულნი, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში კანადამაც დასდო ბრალი.