გერმანიის კანცლერის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, მან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის გავლენა აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. შოლცის თქმით, 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს.
„მინდა, მოვუწოდო ორივე ქვეყანას გამოიჩინონ ნება და გამბედაობა საჭირო კომპრომისებზე წასასვლელად. 2024 წელი შეიძლება, და უნდა იყოს მშვიდობის წელი რეგიონისთვის. ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ბოლო ცნობები სადემარკაციო ხაზთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების შესახებ, გამამხნევებელია. ახლა მნიშვნელოვანია ამ იმპულსის შენარჩუნება და შემდგომი გაბედული ნაბიჯების გადადგმა,“ აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მან რეგიონის შესაძლებლობებსაც გაუსვა ხაზი.
„მიმაჩნია, რომ რეგიონში დიდი პოტენციალი არსებობს მწვანე და წყალბადის ენერგიის სფეროებში თანამშრომლობისთვის და გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობით, ძირითადად, როგორც აღვნიშნე, წყალბადის და განახლებადი ენერგიის სფეროებში. რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩარჩო პირობები.
აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამშრომლობისთვის და ენერგომომარაგების სტაბილურობაში თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ჩვენ ასევე განვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მე ვიტყოდი, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ცოცხალი კრიტიკის არსებობა. აზრის თავისუფლება და მედიის თავისუფლება უნდა არსებობდეს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ რთულ პერიოდში სხვადასხვა სფეროში მოლაპარაკებებისთვის. ორივე ვთანხმდებით, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა,“ აღნიშნა შოლცმა.
მანამდე, 22 აპრილს ალიევი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ალიევის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ალიევის თქმით, „რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც, ქვეყნების ურთიერთქმედებაზე ბევრია დამოკიდებული.“
რაც შეეხება შოლცთან შეხვედრის შემდგომ კომენტარებს, ალიევის თქმით, ბაქო დიდად აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ ბაქო მზადაა, ითანამშრომლოს ქვეყნებთან, რომლებიც სამშვიდობო პროცესს ხელს შეუწყობენ.
„დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესის შედეგად დაიწყო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია. ჩვენ დაგვიბრუნდა ოთხი აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც 1990 და 1992 წლებში იყო ოკუპირებული. ასევე, უნდა ვთქვა, რომ დღეს, დილით მუშაობა შეაჩერა აზერბაიჯანში მდებარე რუსეთ-თურქეთის ერთობლივმა მონიტორინგის ცენტრმა. ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად არის მშვიდობის მისაღწევად ძალიან კარგი შესაძლებლობები.
ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ, ხელი შეგვიწყონ ამ საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებითაც. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ამ სფეროში და მადლობელი ვართ ამისთვის,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.
შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაში ასობით ათასი ადამიანის ტანჯვა გამოიწვია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ეს დაუნდობელი ხოცვა უნდა დასრულდეს. პუტინმა უნდა დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარისკაცები და სრულად აღიაროს და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.