რუსეთი მის ოლქებზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა საჰაერო ძალებმა ღამით ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და კალუგის ოლქებში 17 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. კალუგის გუბერნატორის ვლადისლავ შაფშას თქმით, სამი დრონი ლუდინოვოს ნავთობის საცავთან ჩამოაგდეს, თუმცა მისივე მტკიცებით, მომხდარს მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.


„საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ცხრა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და სამი კალუგას ოლქის ტერიტორიაზე," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება მათ ვერ შეძლეს.