NATO-ს შეფასებით, უკრაინის თავდასხმებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სულ მცირე 10% დააზიანა - მედია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეფასებით, უკრაინული დრონების დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე ხელშესახები გავლენა მოახდინა. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა.


თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მარტში რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა ბელორუსიდან ბენზინის იმპორტი და შიდა ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ექსპორტზე ექვსთვიანი აკრძალვა დააწესა. მოსკოვი ასევე არ გამორიცხავს ნედლი ნავთობის ექსპორტის გაზრდას, რადგან მას არ შეუძლია მისი გადამუშავება საკმარისი რაოდენობით.


„დარტყმებმა, სავარაუდოდ, რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის 10%-ზე მეტი და შესაძლოა, 15%-ზე მეტი დააზიანა. ზიანის სიდიდიდან გამომდინარე, შეკეთებას შეიძლება, მნიშვნელოვანი დრო დასჭირდეს,“ - აღნიშნა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული თვითმფრინავების დარტყმები 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელდა, რაც თავდასხმების მასშტაბებს ხაზს უსვამს.

Reuters-ი მანამდე წერდა, რომ რუსულ ნავთობკომპანიებს უჭირთ გადამამუშავებელი ქარხნების შეკეთება დასავლეთის სანქციების გამო და მათი პრობლემები შესაძლოა, უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმების გამო გაუარესდეს.


„ვფიქრობ, რომ მომავალში, პოტენციური თავდასხმებისგან სულ უფრო ნაკლები რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იქნება დაცული და რუსეთის ეკონომიკა ამ სფეროში მზარდი გავლენის ქვეშ იქნება,“ - აღნიშნა ალიანსის წარმომადგენელმა.