მწვავე განხილვის შემდეგ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი დეპუტატი ოპოზიციიდან: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა, პარლამენტმა 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლაც იყო. კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო.
სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.