რუსეთი უახლოეს ხანებში ჩაატარებს წვრთნას „არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ასამაღლებლად.“ ამის შესახებ საუბარია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კერძოდ, წვრთნის ჩატარების განკარგულება გაცემულია უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ. გენერალურმა შტაბმა დაიწყო მზადება წვრთნისთვის „სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებთან ერთად, ავიაციის, ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალების მონაწილეობით“. როგორც აღნიშნავენ, წვრთნის დროს „განხორციელდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა კომპლექსი.“
ამასთან, აცხადებენ, რომ ასეთი იარაღის გამოყენებით წვრთნა გაიმართება „რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობოდ უზრუნველსაყოფად, პასუხად ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს ოფიციალური პირების პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარებზე რუსეთის ფედერაციის მისამართით“. რომელ პირებს გულისხმობენ, არ საუბრობენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები შიშობდნენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, კერძოდ - ფრონტზე წარუმატებლობის შემთხვევაში. რუსეთის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს, რომ მან პირველმა შეიძლება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი „თავად სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შემთხვევაში.“ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ არ გამოუთქვამს უკრაინის მიმართ ბირთვული მუქარა, მაგრამ არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის შემთხვევაში შესაძლებელია ბირთვული ომი. რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან 2022 წლის თებერვლიდან.
არასტრატეგიული ბირთვული იარაღი, რომელსაც ტაქტიკურსაც უწოდებენ, არის ბირთვული ჭურვები, რომელთა გადატანის საშუალებებად იყენებენ შედარებით მცირე რადიუსის რაკეტებს (ანუ არა სტრატეგიულ საკონტინენტთაშორისო რაკეტებს). ისინი უფრო მცირე სიმძლავრისაა სტრატეგიულ იარაღთან შედარებით. კერძოდ, ტაქტიკური იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერზე“. ეს იარაღი ახლახან განათავსეს ბელარუსში. სხვადასხვა შეფასებით, რუსეთს ამგვარი შეიარაღების უდიდესი მარაგი აქვს მსოფლიოში. ბრძოლის ველზე ეს იარაღი არასოდეს გამოუყენებიათ.