NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ბირთვული მუქარა“ ამჟამად მხოლოდ "ფსიქოლოგიური დაშინების მცდელობაა."
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ ესპანურ გაზეთ El País-თან ინტერვიუში დაახასიათა პუტინის ბირთვული მუქარა, როგორც „დისკურსი, რომელიც სწავლობს ფსიქოლოგიური დაშინების ლოგიკას და არა რეალურ ზრახვებს.“
„ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მიერ ამ იარაღის გამოყენების რაიმე გარდაუვალ საფრთხეს, მაგრამ ეს განცხადებები თავისთავად ძალიან სახიფათოა, რადგან ისინი ძირს უთხრიან ნდობას. რუსეთმა იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთი ნაბიჯის გადადგმას,“ - განაცხადა სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ.
მაკრონის წინადადებაზე, ჯოანამ განაცხადა: „ჩვენ სრულად პატივს ვცემთ ჩვენი მოკავშირეების უფლებას ახალი იდეების მაგიდაზე შემოტანის. მაგრამ ჩვენ NATO-ში არ გვაქვს განზრახვა ან გეგმები უკრაინაში ჯარების განთავსებაზე.”
ამავე ინტერვიუში მან იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი ძლიერი დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ NATO-ს სკეპტიკოსი დონალდ ტრამპი ამ ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს. „რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც კარგად ესმით ძალიან რთული კონკურენცია ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. აშშ-ს დასჭირდება ყველა მისი მოკავშირე ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში," - აღნიშნა ჯოანამ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. 29 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას პუტინმა „რუსეთის მოწინააღმდეგეებს“, ანუ დასავლეთს შეახსენა, რომ რუსეთი ფლობს იარაღს, რომელსაც სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიებზეც შეუძლია.
ამასთან, პუტინმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს.
რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსების დასახელების გარეშე განაცხადა, რომ „ალაპარაკდნენ უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობაზე“. პუტინი, სავარაუდოდ, გულისხმობდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებას, რომ გამორიცხული არ არის უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა. თავის მხრივ, NATO-მ განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება.