მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად  ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე თანამდებობიდან 24 თებერვალს გადადგა.

კახაბერ ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, გიორგი გახარიამ 4 თებერვალს დანიშნა. მანამდე ის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.