აშშ და ევროპა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე ერთობლივად მუშაობენ - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკული მხარე აგრძელებს მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ გამოვიყენოთ ის აქტივები, რომლებიც რჩება გაყინული და დარჩება გაყინული - რომ ჩვენ ამ აქტივებს ვიყენებთ უკრაინის სასარგებლოდ,“ - აღნიშნა მილერმა.


ამით მილერმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ქვეყნების განზრახვაზე, გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული დაფინანსება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებისთანავე, მსოფლიო დემოკრატიულმა ქვეყნებმა დაბლოკეს რუსული ფინანსური აქტივები, საერთო ჯამში 300 მილიარდ ევროზე მეტი. ითვლება, რომ ამ აქტივების უმეტესობა ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებში, კერძოდ ბელგიაშია.

8 მაისს, ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდნენ.