როთი თბილისში: საქართველოს ნათელი მომავლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს

თბილისში ვიზიტით მყოფი ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი აცხადებს, რომ "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამის შესახებ მან ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო ევროპული დელეგაციის წევრი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ძალიან მკაფიო გზავნილით: ჩვენ ქართველი ხალხის მეგობრები ვართ, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირამდე მოვიდეს. ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ ეს "უცხოური აგენტების" კანონი. საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს.


ჩემი პატივისცემა ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად აპროტესტებს. ამ რთული გამოწვევების დროს თბილისი ნამდვილი ევროპის დედაქალაქია. ვიმედოვნებ, რომ მექნება მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრის შესაძლებლობა, პარლამენტთან, ასევე - ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, გაიხსნას მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში. ევროკავშირის გზავნილი ძალიან ნათელია," - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.


10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.


11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“

ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას.


პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).