გაერთიანებული სამეფო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე განცხადებას ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის საკითხებში ნუსრათ განიმ განაცხადა, რომ „კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია.“
„როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს.
ეს კანონი და თანხმლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება NATO-ს-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას ავღნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი,“ წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
გასულ კვირას ევროპის საკითხებში მინისტრმა ნუსრათ განიმ არასაჯაროდ, პარლამენტისადმი საპასუხო წერილში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა თბილისში, პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრების დროს," თანმიმდევრულად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს შეშფოთება შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით." მანვე განმარტა, რომ „ეს საკითხი გასულ თვეში თავად განიხილა საქართველოს ელჩთან ლონდონში.“
აღსანიშნავია ასევე, რომ მინისტრის ერთადერთი საჯარო გამონათქვამი სოციალურ მედიაში იძებნება, რომელიც 10 დღის წინ გამოაქვეყნა. ის გამოდიოდა გაფრთხილებით, თბილისში „მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ,“ რაც მისი თქმით, "არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებსა და რისკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს."
პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო.
პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.