„ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს“ - ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების გზავნილები

ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აღარ უნდა გამოიტანოს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა კანონში ცვლილებები, თუმცა ის ვერ შეცვლის კანონის აზრს.


„დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს [ნიკოლოზ სამხარაძეს] შევხვდით. მოვისმინეთ ის რას ამბობდა, ის რეალურად მთელი პარტიის აზრს წარმოადგენდა. ვიცით იმ პატარა ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. არსებითად, რასაც გვეუბნებიან, ცვლილებები შეეხება “უცხოური აგენტისთვის” სხვა სახელის დარქმევას. ეს ძალიან პატარა ცვლილებებია, ისინი მთლიან ვითარებასა და ამ კანონის მთლიან აზრს ვერ შეცვლიან. ასე რომ, რეკომენდაციაა არა რამე ცვლილებებს მიმართოთ, არამედ, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და გამოიყენებს ვეტოს, და შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს.


ძალიან მოხარულები ვართ, რომ გასულ წელს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ როგორღაც მათ ხელახლა გამოიტანეს ის. და მეორე ჯერ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ხელახლა არ გამოიტანენ მას პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ,” - განაცხადა ტინკინენმა.


თავის მხრივ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს.


„ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ არის, რომ დაკარგავთ რეპუტაციას და სანდოობას და ამ გამოწვევებით სავსე დროს რეპუტაცია და სანდოობა არის ძალიან დიდი, დიდი, დიდი პლუსი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგან არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის. დიახ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, პარლამენტარები ითხოვენ სანქციებს, ჩვენ არ ვსხედვართ მძღოლის სავარძელში, მაგრამ ცხადია, ჩვენ დაგვჭირდება სიცხადე ევროკავშირის მხრიდან და ყველაზე უფრო მკაცრი სანქცია არის, რომ კანდიდატის სტატუსი უფასურდება.


ივნისში ევროკავშირი და ევროკომისია აპირებენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ სად არის საქართველო? ეს არის საშინელება. ასევე არ ვართ დარწმუნებული, რომ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, რადგან ჩვენ არ გვსურს ახალგაზრდა თაობის დასჯა. ასეთი შეჩერება ძალიან ძვირი დაუჯდება იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ევროკავშირისა და ჩვენი მთავრობების მიმართ არის, რომ საქმეს ჩვეულ რეჟიმში ვერ გავაგრძელებთ,“ - აღნიშნა როთმა.


პოლონეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბოგდან კლიჰმა ხაზი გაუსვა, რომ პარადოქსულ სხვაობას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ გზას.

„ერთი მხრივ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მეორე მხრივ - არსებობს იმ ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოხატულია ხელშეკრულებებში, არამედ, იმიტომაც, რომ ისინი ჩვენს გულებსა და გონებაშია.

ქართული საზოგადოების ადგილი ევროპაშია. და ეს არა მხოლოდ იმიტომაა, რომ ქართველების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ იმიტომაც, რომ ქართველები იმავე ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ამ სხვაობას, ამ პარადოქსულ სხვაობას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ამ ევროპულ გზას.


აქ ჩამოვედით ქართველი მეგობრებისთვის იმის სათქმელად, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატეთ მათთან, ვინც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდა შეხვედრა. მან დაგვიდასტურა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც ამ წამს მიიღეს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ის წარდგენილი არ იქნება საქართველოს სასამართლო სისტემაში,” - განაცხადა კლიჰმა.


ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი - ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს.


მისი თქმით, თბილისში მყოფი დელეგაციის წარმომადგენლებს სურდათ, შეხვედროდნენ საქართველოს ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

„სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, მივსულიყავით პარლამენტში. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა უსაფრთხოების მიზეზების გამო, თუმცა ჩვენ მივიღეთ ეს როგორც არის. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, შეხვედროდით მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა მოგვეცა შანსი, შეხვედროდით ჩვენს კოლეგას „ქართული ოცნების“ შტაბში, სადაც შევძელით, შეხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს. ჩვენ ასევე გვქონდა პატივი, შევხვედროდით საქართველოს პრეზიდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას,“ - აღნიშნა ფიშერმა. კომენტარებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


„ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ იქნება,“ - აცხადებს თავის მრივ, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავიოლიონისი.

რადიო თავისუფლების კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, ამავდროულად კი, არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რომელთაც „ქართული ოცნება“ 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება, ჟიგის პავილიონისმა უპასუხა:


„გადახედეთ ისტორიას. ლიეტუვა 1997 წელს მეტ-ნაკლებად საქართველოსავით იყო - ბრიუსელს არ ვუსმენდით. ვამბობდით, „ოჰ, ეს ევროპელები!“ და 1997 წელს გაწევრების მოლაპარაკებებში მიიწვიეს ესტონეთი და არ მიგვიწვიეს ჩვენ… შემდეგ იყვნენ რუმინელები და ბულგარელები…


ევროკავშირის წევრები მხოლოდ საუკეთესონი ხდებიან. კონკურენციაში ხარ. ყველა ბიუროკრატი უნდა დაარწმუნო ევროკომისიაში, - ყველა ქვეყანა, ყველა თანამშრომელი, სამთავრობათაშორისო კონფერენცია. სულ ერთი მცირე რაღაცა და გარეთ რჩები!


„ქართული კოშმარი“ კი ყველაზე უარესების კატეგორიაში იბრძვის. „უნგრეთი ცდილობდა ასეთივე კანონის მიღებას“. „ყირგიზეთმა მიიღო ახლახან“. ეს მიმართულება აქვთ აღებული. ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ არსებობს. ამას მხოლოდ საუკეთესოები მოახერხებენ“.


საქართველოში იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები: პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).


პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. 

ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს.
15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა.

  • რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.