მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის პირველი ფაზის (ESPIRE Program) დაფინანსებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა. პროგრამა შეიქმნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის (ESPIRE) პროგრამის პირველი ფაზის დასაფინანსებლად. ეს პროგრამა შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და სტრატეგიული რეგიონული ინიციატივის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს, რადგან ამ ინიციატივის მიზანია:
- ენერგოუსაფრთხოების ამაღლება
- ენერგომიწოდების დეკარბონიზაცია განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობით, და
- ციფრული კავშირების ზრდა შავი ზღვის რეგიონის გასწვრივ და მის მიღმა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. ESPIRE პროგრამის დანიშნულებაა BSSC პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა.
ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებას შავი ზღვის ფსკერის კვლევების საშუალებით. ის ასევე მხარს დაუჭერს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით.
BSSC შექმნის შესაძლებლობების მთელ რიგს საქართველოსთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, ესენია:
- ელექტროენერგიის ექსპორტი;
- სუფთა ენერგეტიკის განვითარება მასთან დაკავშირებული სარგებლით, რაც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
- ენერგოუსაფრთხოება და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა პირდაპირი კავშირებით ევროპის მსხვილ ელექტრობაზართან;
- ციფრული კავშირების შესაძლებლობების გაძლიერება და შედეგად, ინტერნეტკავშირის ხარჯების შემცირება, გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და რეზერვის შექმნა საერთაშორისო ციფრული კავშირისთვის შავი ზღვის გასწვრივ;
- ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციის მეშვეობით და ამით ეკონომიკური მდგრადობის გამყარება მონაწილე ქვეყნებს შორის.
მსოფლიო ბანკის ჯგუფს უნიკალური პოზიცია უკავია თავისი მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოცდილებით, ფინანსური რესურსებითა და ორგანიზაციული პოტენციალით, რათა პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს მთავრობებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან, პოტენციურად ტრანსფორმაციული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ხელშესაწყობად,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
მსოფლიო ბანკის ცნობით, ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ზოგადად გააძლიერებს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობას შავი ზღვის გასწვრივ.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ ESPIRE პროგრამას წამყვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში.
“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებს დაეხმარება ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ენერგომომარაგების დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის განვითარებაში, ისევე როგორც პირდაპირი ციფრული კავშირების ზრდაში,” - აღნიშნა როლანდ პრაისმა.
ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რადგან ის მიზნად ისახავს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებასა და შემდგომი მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერას, როგორიცაა შავი ზღვის ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური და გეოტექნიკური გამოკვლევების ჩათვლით.
„BSSC პროექტის განხორციელების მზაობის ასამაღლებლად, პირველი ფაზა ასევე მოიცავს შესაძლებლობების განვითარებასა და ტექნიკურ დახმარებას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის ადეკვატური ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
თუკი საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ESPIRE პროგრამის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება, რომელიც ეხება მიწისზედა გადამცემი ქსელის გაძლიერებას საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში, რაც გადამწყვეტი იქნება ელექტროენერგიის გაცვლისთვის წყალქვეშა კაბელის სისტემის მეშვეობით. პროგრამის მე-3 ფაზა კი თავად წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს, სხვა დამფინანსებლებთან ერთად. ხოლო შავი ზღვის ფსკერის იმავე დერეფანში გათვალისწინებული პარალელური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებსაც მოიზიდავს,“ - აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.
თავის მხრივ, საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის საქართველოს მიერ ინიცირებული ფლაგმანი პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის შემდგომი განვითარების კუთხით ფუნდამენტურია დაფინანსების პირველი ფაზა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკმა დამტკიცდა.
„პროექტის განხორციელება ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას გულისხმობს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყანა გახდება, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირის, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ამ რეგიონებს შორის,“ - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ESPIRE პროგრამის პირველი ეტაპი ხელს შეუწყობს იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას, და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელ სამუშას განხორციელებას.
„ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის როლს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. პროექტი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებას და კავშირებს მთელს რეგიონში,“ - აღნიშნა მინისტრმა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ESPIRE MPA პროგრამა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური გამოწვევის პროგრამების ნაწილია “ენერგეტიკის გარდაქმნის, ეფექტიანობის და წვდომის” და “დიგიტალიზაციის დაჩქარების” შესახებ. პროგრამა ასევე შესაბამისობაშია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის პარტნიორობის 2025-2029 წლების ჩარჩო-დოკუმენტთან, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, და ასევე, კავშირებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. პროექტით, აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში.
შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.