ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ პლატფორმა X-ზე განმარტავს მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიზნებს. “ამერიკის ხმისთვის” გაზიარებული ინფორმაციით, სენატში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის დაწინაურებასა, ან მისი მიღების ხელშეწყობაზე პასუხი აგონ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს
„უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, ხოლო ამავდროულად, ქართველი ხალხისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,” - წერს ჯინ შაჰინი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“
თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება.
ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.
27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული.