აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებს ვიდეო ფორმატში მიმართა. ალიევის თქმით, სამიტში ბაქოს მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა და სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.
„ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განვიხილეთ ჩემი მონაწილეობა სამიტში და შევთანხმდით, რომ ვიდეო ფორმატით შევუერთდებოდი. ასევე მინდა, აუდიტორიას ვაცნობო, რომ ერთი წლის წინ, პრეზიდენტ კოშტასთან და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას, მათ მკითხეს ჩემი აზრი სამიტის 2026 წლის მაისში სომხეთში ჩატარების იდეასთან დაკავშირებით.
მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას და, თავის მხრივ, შევთავაზე შემდეგი სამიტებიდან ერთ-ერთის აზერბაიჯანში ჩატარება დაბალანსებული მიდგომის შესანარჩუნებლად. წინადადება მიღებულია და ამიტომ, წევრებს 2028 წლის მაისში აზერბაიჯანში ვპატიჟებ. სხვათა შორის, სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას. ეს ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა,“ - განაცხადა ალიევმა.
ალიევმა გაიხსენა თეთრ სახლში გაფორმებული შეთახმებაც.
„გასული წლის აგვისტოში, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას მოწმის რანგშიც მოაწერა ხელი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი პარაფირებული დადეს. ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სომეხი პარტნიორებისთვისაც - მშვიდობა მიღწეულია. მშვიდობის მიღწევის შემდეგ, აზერბაიჯანმა ცალმხრივად მოხსნა სომხეთისთვის 1990-იანი წლების დასაწყისში დაწესებული ყველა სატრანზიტო შეზღუდვა. დღეისათვის, სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით 28 000 ტონა ტვირთია მიწოდებული. აზერბაიჯანი კიდევ უფრო შორს წავიდა: ჩვენ პირველად დავიწყეთ ჩვენი ნავთობპროდუქტების - ბენზინისა და დიზელის - მიწოდება სომხეთისთვის, რითაც სავაჭრო ურთიერთობები დაიწყო. ჯერჯერობით, ჩვენი ნავთობპროდუქტების 12 000 ტონა ექსპორტირებულია სომხეთში.“
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.
„მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა — დაკავშირებადობაა. „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ აზერბაიჯანს მის ექსკლავ, ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილი გახდება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის,“ - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, „სამწუხაროდ, ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავლენს. მათ შორისაა ევროპის პარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE). „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, მე, როგორც აზერბაიჯანის დელეგაციის მაშინდელი ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი, ვიყავი PACE-ს ერთ-ერთი აქტიური წევრი. ჩვენი დელეგაცია ევროპის საბჭოში 2024 წლის იანვრამდე არასდროს ყოფილა რაიმე შეზღუდვის ქვეშ. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ბოლო მოუღო სეპარატიზმს ყარაბაღში. ჩვენ თვითონ შევასრულეთ გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქაღალდზე დარჩა. ოთხი თვის შემდეგ, PACE-მ ჩვენს დელეგაციას სანქციები დაუწესა. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს PACE-სთვის ერთგვარი მოქმედების წესია. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას იგივე ღირებულება აქვს, რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.
ახლა, რაც შეეხება ევროპის პარლამენტს, ეს ორგანო, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად, მის საბოტაჟს ამჯობინებს. 2021 წლის მაისიდან, მეორე ყარაბაღის ომის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილამდე, ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომლებიც სავსეა აზერბაიჯანის შესახებ შეურაცხყოფითა და ტყუილით. წარმოიდგინეთ - ხუთ წელიწადში 14 რეზოლუცია ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია მხოლოდ ოთხი დღის წინაა მიღებული, განზრახ, სამიტის წინ.
ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრობლემების, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობა, მოგვარების ნაცვლად, ევროპარლამენტი აზერბაიჯანს ესხმის თავს, ავრცელებს ცილისწამებას და ტყუილს. მიზეზი კი ის არის, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ბოლო მოუღო სეპარატიზმს და ომის დამნაშავეები სამართლიანობის წინაშე წარადგინა.
საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს გადაწყვიტა, ოფიციალურად შეჩერებულიყო ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა სფეროში, შეწყვეტილიყო მონაწილეობა ევროკავშირ-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობაში და დაეწყო პროცედურები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის შეწყვეტის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტების დროს ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებსა და შეშფოთებას, უბრალოდ მინდოდა, ჩვენი კოლეგებისთვის ამ კუთხით მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რათა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, არ გავრცელდეს დეზინფორმაცია ან არ მოხდეს ინფორმაციის მანიპულირება.
დასკვნის სახით, მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტი და ვთქვა, რომ პროცესის შეფერხების მსურველთა ყველა მცდელობის მიუხედავად, აზერბაიჯანი ერთგულია სამშვიდობო დღის წესრიგის და ჩემი სომეხი კოლეგის შენიშვნები ამას ნათლად აჩვენებს. სამიტს წარმატებებს ვუსურვებ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
- ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა.
- „ევროპარლამენტი პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარი დემოკრატიული ორგანოა, რომლის რეზოლუციებიც ხმათა უმრავლესობით მიიღება. ამის შედეგები, შესაძლოა, ბევრისთვის უხერხულობას ქმნიდეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევცვლით იმ გზას, რომლითაც მივდივართ და დავიცავთ იმ პოზიციებს, რომლებსაც ვიღებთ,“ - განაცხადა მეცოლამ.