ყაზახეთმა და ჩინეთმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვები შუა დერეფნით, მათ შორის, საქართველოს გავლით დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე, ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, საგზაო ტრანსპორტის საკითხებზე, აქტაუში ყაზახეთ-ჩინეთის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად დაიწყო კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით.


ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სამი ჩინური სატვირთო მანქანა, რომლის წონაც 80 ტონაა, ურუმჩიდან გაემგზავრა - 23 მაისს კი, კურიკის პორტში დატვირთვის შემდეგ, ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავა.


„ასობით მილიონი ტონა ტვირთი ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებში მიეწოდება ზღვით, მცირე მოცულობით 52 დღემდე, ხოლო 22 დღემდე რკინიგზით. შუა დერეფნის გამოყენების საშუალებით საგზაო ტრანსპორტი შეიძლება, შემცირდეს 12 დღემდე საქონლის კარდაკარ მიწოდებით შუალედური დატვირთვა/გადმოტვირთვის გარეშე,“ ამბობს ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე ალი ალტაი.


შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გვთავაზობს სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.