გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს, ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალი წარუდგინეს.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართლო 11 მარტს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, ოჯახურ კონფლიქტს 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, 1985 წელს დაბადებული ზ.შ.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.