უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად შვედეთი $60 მილიონზე მეტს გამოყოფს

უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად შვედეთი 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ენერგოსისტემის მხარდაჭერის ახალი პაკეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე არსებულმა ობიექტებმა, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები, ტრანსპორტი, წყალმომარაგება და ბიზნესი ფუნქციონირება გააგრძელონ.


შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა აღნიშნა, რომ ენერგიის ხელმისაწვდომობას უკრაინის საზოგადოების, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


„რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს სულ უფრო ხშირად ახორციელებს, რათა მნიშვნელოვანი სოციალური ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანოს. უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად, ჩვენ ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას ვზრდით,“ - აღნიშნა იოჰან ფორსელმა.