პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი მმართველი გუნდის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ამ ქვეყნის მომავალს ვერაფერს შეუცვლის.“

მან აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას პასუხი არჩევნებზე უნდა გაეცეს.

„ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე.

საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი, ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია, უნდა იმას მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა?


84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არაა, იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო და მეორე, მთავარი საქმე, თქვენ, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები, ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რადგან თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს.


და მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ ზოგმა ვერ გაიგო, ვინაა მეგობარი და ვინაა საუკუნოვანი მტერი, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან, შეიძლება, ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, რადგან ქვეყანამ გამოაჩინა, რა არის, სად არის. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენ გევრდში. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე,” განაცხადა პრეზიდენტმა.


ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.


კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმი შეიძლება, მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

„რეფერენდუმის შესახებ კანონის“ თანახმად, რეფერენდუმის დანიშვნისას პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თანხმობაც ესაჭიროება.

„რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით,“ - წერია ორგანულ კანონში.


რეფერენდუმი შეიძლება ასევე მოეწყოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის მიზნით.

2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება:

ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;

ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;

დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.