NATO-ში აშშ-ის ელჩი: აშშ გეგმავს ქმედებებს მათ მიმართ, ვინც მუშაობს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ საქართველოს შიგნით

„ჩვენ გვსურს, საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა. სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ „ქართულ ოცნებას,“ – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხებოდა. ჯულიან სმიტის თქმით, ქართველ ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა.


„რაც შეეხება იმას, რაც ვითარდებოდა საქართველოში უკანასკნელ კვირებში, ჩემი აზრით, უკეთესია, თუ ვისაუბრებ აშშ-ის ხელისუფლების პოზიციიდან. ძალიან ცხადია, რომ საქართველოს ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა, მათ აქვთ ღრმად გამჯდარი რწმენა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირსა და ასევე NATO-ში გაწევრიანება.


ეს ჩანს, როგორც საქართველოში უახლოეს ხანში ან წარსულში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებში, ასევე იმ კადრებით, რომლებშიც ვხედავთ ათობით ათას ყველა ასაკის ადამიანს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და ამით ეწინააღმდეგებიან უცხოური ჩარევის კანონს, გამოხატავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე სურვილს. რთულია, ვერ შეამჩნიო, რა სურს ქართველ ხალხს.


სწორედ ამ მიზეზით, აშშ-მ დაგმო უცხოური ჩარევის კანონის მიმართულებით მოძრაობა და ის, რა მიმართულებითაც წავიდა „ქართული ოცნება“ უკანასკნელ კვირებში. თქვენ მოისმინეთ, რომ აშშ გეგმავს ქმედებებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და მუშაობს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ საქართველოს შიგნით.


კერძოდ, გადავხედავთ სავიზო პოლიტიკას. თქვენ მოისმინეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამის შესახებ. ასე რომ, აშშ-ის პოზიცია მკაფიოა და შეიძლება, ითქვას, რომ მსგავსი გზავნილები ისმის NATO-ს სხვა წევრებისგან. ანალოგიური გზავნილები მოისმინეთ ევროკავშირისგანაც. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა. სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ „ქართულ ოცნებას,“ – განაცხადა ჯულიან სმიტმა.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.