რა არის ცნობილი China Communications Construction Company Limited-ზე, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
2006 წელს დაფუძნებულ China Communications Construction Company Limited-ს ჩინეთის სახელმწიფო საწარმო SASAC ფლობს. კომპანიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, China Communications Construction Company Limited-ს 35 შვილობილი კომპანია ჰყავს.
ამერიკული „ფორბსის“ ინფორმაციით, რომელსაც რადიო თავისუფლება ციტირებს, შარშან კომპანიამ 106 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, მისი აქტივების ჯამური ღირებულება 218.8 მილიარდი დოლარია. ის ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩართული: პორტების, გზების, ხიდებისა და რკინიგზის მშენებლობაში.
China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტში იქნება ჩართული.
China Communications Construction Company Limited [CCCC]-ის შვილობილი კომპანიები აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტს ჰყავს სანქცირებული. ისინი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა 2020 წლის აგვისტოში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო დაასანქცირა. ჰონგ-კონგის სუვერენიტეტის დარღვევა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი - ეს იყო აშშ-ის პრეტენზიები ჩინეთის მიმართ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.
„ჩინეთი CCCC-ს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მშენებელს, იყენებს “ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივაში”. მისი შვილობილი კომპანიები ჩართულნი იყვნენ კორუფციაში, ფულის მიტაცებაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებასა და სხვა სახის დარღვევებში მსოფლიოს მასშტაბით“, - აცხადებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში 2020 წლის აგვისტოში. სანქციების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ ეკონომიკის სამინისტროში.
„გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის (China Communications Construction Company Limited) სანქციებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა მის შვილობილ კომპანიებზე კომენტარს არ აკეთებენ.
მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი ჩართული იყო საქართველოში უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაში.
2020 წელს ჩინური კომპანია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა. ინციდენტი 14 თებერვალს, დილის საათებში, სოფელ უბისაში მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის China Road and Bridge Corporation-ის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ჩინეთის ორი მოქალაქე, ხოლო საქართველოს ერთმა მოქალაქემ შედარებით მძიმე დაზიანებები მიიღო.