FT: „ციმბირის ძალა 2-ის“ გაზსადენზე რუსეთსა და ჩინეთს შორის გარიგება ჩიხშია

რუსეთის მცდელობები, ჩინეთთან მიაღწიოს გარიგებას „ციმბირის ძალა 2-ის“ გაზსადენის ასაშენებლად, ჩიხში მოექცა ფასებსა და მიწოდების მოცულობასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო. კრემლმა არ უპასუხა კომენტარის თხოვნას, „გაზპრომმა“ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, წერს FT.


Financial Times-ის წყაროები იტყობინებიან, რომ ჩინეთი აპირებს, „ციმბირის ძალა 2-ის“ მეშვეობით მიწოდებულ გაზში გადაიხადოს ფასი, რომელიც ახლოსაა რუსეთში საწვავის შიდა ფასებთან, რომელთა სტაბილურობას სახელმწიფო სუბსიდიები უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პეკინს სურს, შეიძინოს მხოლოდ მცირე ნაწილი 50 მილიარდი კუბური მეტრი საწვავისა, რის მიწოდებაზეც არის გათვლილი გაზსადენის სიმძლავრე.


ხსენებულ საკითხზე უთანხმოება გახდა მიზეზი იმისა, რომ „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მაისში, ჩინეთში ვიზიტის დროს არ ახლდა თან.

„მილერის არყოფნა ასეთ სერიოზულ მოლაპარაკებებში იყო „ძალიან სიმბოლური,“ აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის მკვლევარმა ტატიანა მიტროვამ FT-სთან ინტერვიუში.

მილსადენთან დაკავშირებით პეკინის მკაცრი პოზიცია ცხადყოფს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა პუტინს სი ძინპინზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, აღნიშნავს გამოცემა.


„ციმბირის ძალა 2“-ის თაობაზე გარიგება ერთ-ერთი იყო სამი ძირითადი თემიდან, რომლებიც განიხილა პუტინმა სისთან შეხვედრაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს ასევე სთხოვა რუსეთში ჩინური ბანკების საქმიანობის გაძლიერებისა და ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაში ჩინეთის არმონაწილეობის შესახებ. პარასკევს პეკინმა გამოაცხადა, რომ არ დაესწრება უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილ სამიტს ჟენევაში.

გამოცემის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ჩინურ ბანკებთან რუსეთის თანამშრომლობის მასშტაბები გაცილებით მცირე რჩება, ვიდრე მოსკოვმა მოითხოვა. მათი თქმით, ჩინეთი და რუსეთი განიხილავენ ერთი ან მეტი ისეთი ბანკის შერჩევის საკითხს, რომლებიც დააფინანსებენ რუსული თავდაცვის მრეწველობის კომპონენტებით ვაჭრობას, რასაც, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, მოჰყვება მათ მიმართ ამერიკული სანქციების დაწესება.