ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთა გადაცემასაც ნიდერლანდები უკრაინისთვის აპირებს, შესაძლოა, რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენონ.
POLITICO-სთან ინტერვიუში ოლონგრენმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ებით არ შეუტიოს სამიზნეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში.
მისივე განმარტებით "ბელგიურ სტილში შეზღუდვები არ არსებობს."
„ჩვენ ვიყენებთ იგივე პრინციპს, რაც გამოვიყენეთ ნებისმიერი სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე: როგორც კი მათ გადავცემთ უკრაინას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი. ჩვენ მათ მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ საერთაშორისო კანონს და თავდაცვის უფლებას, როგორც ეს ნათქვამია გაეროს წესდებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ მას სამხედრო მიზნების მისაღწევად, რაც თავდაცვის მიზნით სჭირდებათ,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება დანიამაც მიიღო, რომელიც ასევე მიაწვდის უკრაინას F-16-ებს.