„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში, სომხეთში ჩინეთიდან პირველი სატვირთო ავტომობილი შევიდა - ერევანი

სომხეთის მთავრობის მიერ დაწყებულ პროექტ - „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შანხაიდან პირველი სატვირთო მანქანა სომხეთის დედაქალაქ ერევანში 31 მაისს ჩავიდა. მან გაიარა ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ირანის ტერიტორიები. ამ გადაზიდვას ჩინეთიდან სომხეთში დაახლოებით 20 დღე დასჭირდა, იტყობინება სომხური მედია.


პირველი სატვირთო ავტომობილის ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ყაზახეთის ელჩი სომხეთში ბოლატ იმანბაევი, თურქმენეთის ელჩი სომხეთში მუჰამეტნიიაზ მაშალოვი და სომხეთის ელჩი უზბეკეთში არამ გრიგორიანი.

„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ძალისხმევას, რომელსაც ვხედავთ სატრანსპორტო ურთიერთკავშირებისა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით,“ - განაცხადა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხსენებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. სამინისტროს ცნობით, შემუშავებულია შესაბამისი მექანიზმები როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში.