მეთიუ მილერი: განვიხილავთ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე. უწყების პრესსპიკერ მეთიუ მილერის განცხადებით, „ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, შესაძლოა, მან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზირება მოახდინოს; ჩაახშოს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის აშშ-ს ურთიერთობას საქართველოსთან.“


„ამიტომაც გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ჩვენ განვიხილავთ პასუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე,“ ამბობს მილერი.


რაც შეეხება სანქციებს, მილერი აღნიშნავს, რომ აშშ მის დაწესებას არ მოერიდება. ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადების შესახებაც დაუსვა შეკითხვა. კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მმართველ გუნდს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ ამას შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები გამოეწვია.


„ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ. ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვიყოყმანებთ (სანქციების, რედ.) მათ დაწესებაზე,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.


რატომ არ ახსენა საქართველო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს, მილერმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა საქართველოსთან პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი აშშ დოლარის დახმარებას საქართველოსთვის, და ასევე გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა.“


მდივანმა ახლახან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ გამოაცხადა, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ და ასევე, სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა გამოაცხადა, რომელზეც სავსებით უნდა ელოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოქმედების ნახვას. ვფიქრობ, რომ აქ გავჩერდები, მისი დამოკიდებუელბა, ერთგულება ამის შესახებ, საკმაოდ ნათელია," აღნიშნა მეთიუ მილერმა.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.
3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა.