ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს, მეორე კი, 7 ივლისს გაიმართება.


მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, რომელსაც ახლა 29 წლის ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს, ეგზიტპოლების შედეგებით, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმები მიიღო.


ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის.

„ეს არის სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი,” - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ენდობა "ფრანგების შესაძლებლობებს, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი მათთვის და მომავალი თაობებისთვის."


მანვე აღნიშნა, საფრანგეთს სჭირდება „მკაფიო უმრავლესობა, რათა შეძლოს სიმშვიდითა და ჰარმონიით მუშაობა“ და განაცხადა, რომ „მოისმინა“ ფრანგების გზავნილი და წუხილი.

„მე მათ უპასუხოდ არ დავტოვებ,” - აღნიშნა მაკრონმა.


ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას სრულდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა რიგ ქვეყნებში უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები. რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეების წარმატებას ადასტურებენ.