დანია NATO-ს პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში იარაღის წარმოებაში ინვესტირება გადაწყვიტა

დანია გახდა NATO-ს პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში იარაღის წარმოებაში ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და მისმა დანიელმა კოლეგამ ტროელს ლუნდ პულსენმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ.


„ეს არის დიდი ნაბიჯი, რადგან დანია გახდა NATO-ს პირველი უცხო ქვეყანა, რომელიც ჩადებს თავის სახსრებს უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოებაში. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია მზადაა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისთვის და შეუძლია, დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები,“ - განაცხადა უმეროვმა. 13 ივნისს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 23-ე შეხვედრა გაიმართა.