რას უნდა ველოდოთ ვაშინგტონის სამიტიდან: ამ საკითხზე NATO-ს გენერალურ მდივანთან დისკუსია 17 ივნისს, აშშ-ში, უილსონის ცენტრში გაიმართა. რა დევს სასწორზე. ჩვენ გვესმის გაფრთხილებები, რომ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნეზეც კი. როგორ ფიქრობთ, შეიჭრება პუტინი NATO-ს წევრ ქვეყანაში ან თავს დაესხმება მას, გავლენის სფეროს კონცეფციის რეკონსტრუქციის მცდელობისას? რამდენად რეალურია ეს საფრთხე? ხსენებული შეკითხვით მიმართა აშშ-ში, უილსონის ცენტრის გლობალური ევროპის პროგრამის თავმჯდომარემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ფილიპ რიკერმა იენს სტოლტენბერგს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო საიმისოდ, რომ მეზობელ ქვეყნებზე კონტროლი დაამყაროს.
„ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო, რათა უზრუნველყოს რუსეთის კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე... ის საქართველოში შევიდა 2008 წელს... მოლდოვაში განაგრძობენ რუსული ჯარის ყოფნას მთავრობის თანხმობის გარეშე, და ჩვენ გვაქვს აგრესიული ქცევის ეს მაგალითი უკრაინის წინააღმდეგ, მრავალი წლის განმავლობაში.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვხედავ რაიმე საფრთხეს ან რაიმე რისკს, გარდაუვალ რისკს სამხედრო თავდასხმისთვის NATO-ს მოკავშირე ქვეყანაზე. და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი არ ავურიოთ. რადგან NATO-ს მთელი მიზანი ომის თავიდან აცილებაა, სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილება. ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ 75 წლის განმავლობაში, თუნდაც ცივი ომის ყველაზე სახიფათო და ყველაზე ცივ პერიოდში...
ჩვენ გვქონდა დასავლეთ ბერლინის მაგალითი, აღმოსავლეთ გერმანიის შუაგულში. ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ შევძელით, შეგვეკავებინა საბჭოთა ან რუსული აგრესია NATO-ს ტერიტორიის წინააღმდეგ, რადგან ასე მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე იქნება თავდასხმა ყველა მოკავშირეზე. NATO-ს ისტორიაში პირველად, საბრძოლო მზადყოფნაა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაღალი მზადყოფნის შეიარაღებული ძალებით.
ახლა ჩვენ გვყავს 500 [ათასი] ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში, თავდაცვაზე მეტად მნიშვნელოვანი ხარჯებით, ინვესტიციებით მოწინავე თვითმფრინავებში F-35-ებში, გემებში, საბრძოლო ტანკებში, უამრავ მაღალი დონის შესაძლებლობებში. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ომში, არამედ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ომი. ვიდრე დარწმუნებულები ვართ, რომ მოსკოვში ან სხვა პოტენციური მოწინააღმდეგის სხვა დედაქალაქში გაუგებრობის, არასწორი გათვლების ადგილი არ იქნება, NATO-ს მოკავშირეზე სამხედრო შეტევა არ იქნება. ასე რომ, მე ამას ვამბობ, რადგან ხანდახან გეუფლება განცდა - „ხომ იცი, მხოლოდ წლების საკითხია, ვიდრე რუსეთი თავს დაესხმება.“ არა, NATO-ს მიზანია ამის თავიდან აცილება,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ფილიპ რიკერმა მას ასევე ჰკითხა NATO-ს მომდევნო სამიტის მოლოდინებზე უკრაინასთან დაკავშირებით.
უკვე ნათელია, რომ მომავალ თვეში, 75 წლის იუბილეზე, უკრაინა ვერ დაელოდება წევრობის მოწვევას. მაგრამ ამის ნაცვლად, დაანონსდა ერთგვარი „ხიდის“ შექმნა უკრაინისთვის NATO-ში მომავალი გაწევრიანებისკენ, რომელიც შემოიფარგლება აშშ-უკრაინის ორმხრივი უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებით, რიგი სხვა ორმხრივი შეთანხმებებით - მოკავშირეების, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მოკავშირეების ძლიერი მხარდაჭერით. რა გზავნილია ეს უკრაინისთვის? ეს ხიდი შეიძლება, ჩაითვალოს სანდოდ და განსხვავებულად იმისგან, რასაც ბევრი, განსაკუთრებით, უკრაინელი ხედავს, როგორც შეუსრულებელ დაპირებებად 2008 წლიდან 16 წლის განმავლობაში? მიმართა რიკერმა სტოლტენბერგს.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გახდება ალიანსის წევრი მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება კონსენსუსი, როცა ყველა მოკავშირე თანახმა იქნება, რადგან მოგეხსენებათ, გაფართოებაზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. ასე რომ, საკმარისი არ არის, რომ NATO-ს მოკავშირეების უმრავლესობა (უკრაინის) მოწვევის მომხრე იყოს. ამასობაში, ჩვენ ვაშენებთ ამ ხიდს, ხელს ვუწყობთ უკრაინის NATO-ს წევრობასთან დაახლოებას და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა გზით. ეს ასევე ნაჩვენები იქნება სამიტზე მომავალ თვეში. ჩვენს ბოლო სამიტზე ვილნიუსში, ჩვენ მოვხსენით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა, რომელსაც რეალურად შეიძლებოდა, მრავალი წელი დასჭირვებოდა.
ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინას არ სჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპის გავლა, მათ შეუძლიათ, გადავიდნენ პირდაპირ შემდეგ ეტაპზე და მოწვევაზე. ასე რომ, ჩვენ გადავიყვანეთ უკრაინის გაწევრიანების მთელი პროცესი ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიანზე. ეს მათ ეხმარება NATO-ს წევრობასთან დაახლოებაში...
ნება მომეცით, დავამატო კიდევ ერთი რამ წევრობის შესახებ... არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება ბრძოლა უკრაინაში. მაგრამ როდესაც ის დასრულდება, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს არის მშვიდობა და არა - მხოლოდ პაუზა, ვიდრე რუსეთი ახალ თავდასხმებს განახორციელებს, რადგან, როგორც ვთქვი, ჯერ იყო საქართველო 2008 წელს, შემდეგ ყირიმი 2014-ში, შემდეგ აღმოსავლეთ დონბასი, შემდეგ მინსკი 1, მინსკი 2 და მთელი ეს დრო რუსეთი უფრო შორს წავიდა და შემდეგ მათ ჰქონდათ პაუზა. აღადგინეს თავიანთი ძალები და შემდეგ დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეჭრა.
ამდენად, ერთი მხრივ, 2014 წლის ზამთრის შემდეგ იყო რუსეთის მუდმივი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა პირობა ნამდვილად არ იყო დაცული... როდესაც უკრაინაში ბრძოლები დასრულდება, ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ ეს არის დასასრული; რომ ის აქ ჩერდება. ჩვენ უნდა ავაშენოთ მომავალი უკრაინის შეიარაღებული ძალები, რათა მათ შეძლონ მომავალში რუსული აგრესიის შეკავება. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და უსაფრთხოების საბოლოო გარანტია არის მეხუთე მუხლი, NATO... ეს ყველაფერი ეხება უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას,“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.