ბორელი: გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შესაბამისად ზომებს მივიღებთ, შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს და კავშირებს

24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC), სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის შესაძლო საპასუხო ზომები განიხილეს.


საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ოფიციალური აქტორები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელებენ.


"დღის მეორე ნახევარში, გვქონდა აქტიური დისკუსია საქართველოს შესახებ.მაისში გამართული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ ზედიზედ მეორედ, საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება განვიხილეთ.

ვწუხვართ, რომ ოფიციალური აქტორები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელებენ. საქართველოს უმაღლეს დონიდან მოვისმინეთ ხმები, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.


მინდა, გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონური ვერ ვიქნები. ეს საქართველოსევროკავშირსაშორებს. ამგანცხადებას 27 წევრიდან 26 უჭერს მხარს. ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება. გვესმის, რომ ეს დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება.


მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. შემიძლია, ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ არა უფრო მკაფიოდ: თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს.


პარალელურად, ჩვენ გავზრდით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას. დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით. გავავრცელებთ მოსაზრებების ამსახველ დოკუმენტს, გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და საჭიროების შესაბამისად ზომებს მივიღებთ. შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს და კავშირებს.


მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის გადახედვას განვიხილავთ. ეს შეიძლება, დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მეტი ზომების მიღებას განვიხილავთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდში ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ,“ აღნიშნა ბორელმა.


ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 მაისს განაცხადა, რომ „თუ კანონპროექტის ინიციირებამდე ნულის ტოლი იყო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი, ეს შანსი ბევრად გაზრდილია.“


დღეს დილით ბორელმა ჩამოთვალა რამდენიმე მოკლევადიანი ზომა საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ: უმაღლესი რანგის პირების ვიზიტების შემცირება, დახმარების, მათ შორის სამხედრო სფეროში დახმარების შეჩერება და ა.შ.


ევროკავშირში რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ ზომებს შეეწინააღმდეგა მხოლოდ ორი წევრი ქვეყანა - უნგრეთი და სლოვაკეთი. „ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება,“ - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა საბჭოს დაწყებამდე.

საქართველომ კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიიღო. ვითარება გააუარესა ე.წ. უცხოური აგენტების კანონმა, რაც ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებასთან აშორებს.