კახეთში ძლიერი ქარიშხალი იყო

კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძართან ძლიერი ქარი იყო. სოფელ ალავერდში დაზიანებულია ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ავტომობილები.


„ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.


კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა,” - ნათქვამია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ერთ-ერთ მანქანაში, რომელიც დაზიანდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათ დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ერთ-ერთი მათგანი, პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.


განახლება: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, კახეთში, სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექს გადახდილი აქვს გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები. სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.


"სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.


ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები,“ - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში.


„25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ წერდა გარენოს ეროვნული სააგენტო 24 ივნისს. სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.