უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა, დაშავებულია 170-მდე ადამიანი. ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ კიევში 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი ბავშვი. დედაქალაქში, დაახლოებით, 117 მცხოვრები დაშავდა, ხოლო კიდევ ორი - კიევის ოლქში.
რუსეთის სარაკეტო შეტევისას კიევში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ ერთი კორპუსი. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ კლინიკის ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი. დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი. ს
ნაწილობრივ დაინგრა კერძო სამედიცინო ცენტრი „ადონისი“, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა. 7 ადამიანი დაიღუპა სოლომენსკის რაიონში მდებარე ბიზნეს-ცენტრ „დომინოში.“ კიევის ადმინისტრაციის ცნობით, შევჩენკოს რაიონში სახლის ერთი სადარბაზოს ნგრევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. ამავე რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტის ნგრევამ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანი გადაარჩინეს. კიევში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა. კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა.
8 ივლისს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე რეგიონზე. ყველაზე დიდი მსხვერპლი კიევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქშია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 ივლისს, „მაღალი სიზუსტის იარაღით შეუტიეს უკრაინის სამხედრო მრეწველობის ობიექტებს და საავიაციო ბაზებს და ეს იყო პასუხი უკრაინის მცდელობებზე, რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყას ენერგეტიკის ობიექტებს.“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცინიზმი უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ნგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსული ფრთოსანი რაკეტის (Х-101) ფრაგმენტები. უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულის მუხლით აღძრა. სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო უკრაინამ მოითხოვა, მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც 9 ივლისს გაიმართება.
„რუსმა ტერორისტებმა პასუხი უნდა აგონ. მხოლოდ შეშფოთება არ აჩერებს ტერორს. თანაგრძნობა არ არის იარაღი. აუცილებელია რუსული რაკეტების ჩამოგდება. აუცილებელია რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება, სადაც ის ბაზირებულია. აუცილებელია ძლიერი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არ დატოვებს უსაფრთხოების დეფიციტს. სამყაროს აქვს ამისთვის საჭირო ძალა. პარტნიორებს შეუძლიათ ამის გაკეთება. გადაწყვეტილებები კი საჭიროა რაც შეიძლება მალე,“ წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ჩასატარებლად ემზადება. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ გამოცხადდება.