NATO მოუწოდებს საქართველოს, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის და მოუწოდებს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ასევე, ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ," წერს კოლომინა.
ვაშინგტონში NATO-ს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდა. სამიტის დეკლარაციის შინაარსი ცნობილია. წლევალდელ დეკლარაციაში, ცალკე თავი დამატებით ეთმობა უკრაინას - ქვეთავი სახელწოდებით - „უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირება“, 6 პუნქტისგან შედგება.
38-პუნქტიან დეკლარაციაში საქართველო ნახსენებია მე-17 პუნქტში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინაში; მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან და რომ NATO რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს აღიარებს.
„რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს.
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის, საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული,“ - ვკითხულობთ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. ეს ამ სამიტის დეკლარაციაში ერთადერთი წინადადებაა, რომელშიც საქართველოა ნახსენები.
ამავე დეკლარაციის მეორე პუნქტში დადასტურებულია ერთგულება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ამავე დეკლარაციის თანახმად, დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონები სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის.
- 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციის მსგავსად და 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკესგან განსხვავებით, ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. თუმცა იმავე მადრიდის სამიტზე საქართველო NATO-ს მიერ მიღებულ (დეკლარაციის ჩათვლით, რედ.) ორ დოკუმენტში იყო ნახსენები - კონკრეტულად, NATO-ს ახალი, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, რომელსაც NATO ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს, საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმული იყო, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია.
მადრიდის სამიტის დეკლარაცია
2022 წლის NATO-ს სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კრიტიკული დროა ევროპის უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. შესაბამისად, NATO-მ გადაწყვიტა, გაეძლიერებინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის.
„ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის,“ - აღნიშნული იყო დეკლარაციაში. მე-18 პუნქტი ეთმობოდა ღია კარის პოლიტიკას.
ვილნიუსის სამიტის კომუნიკე
2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. მოკავშირეებმა ასევე დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან ქვეყნის თანხმობის გარეშე განათავსა საქართველოში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და გაგრძელდეს მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით მზად, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP),“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
შეფასებები
თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „NATO-ს კომუნიკეში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს - მისი შეფასებით, „შეიძლება, ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ NATO ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია.“
„მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც სჯერა, რომ NATO გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში, თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი,“ ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
- „დოკუმენტი, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, თავისი ფორმატითა და შინაარსით განსხვავებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულა. დოკუმენტში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები.
- რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს ჩანაწერი, შეიძლება, ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ NATO აღნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს და შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია. ასევე, კონტექსტი, რომ ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთი როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფო, ძალისხმევას აქვს მნიშვნელობა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის ყველას ერთად ბევრი მსხვერპლი გვაქვს გაღებული,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
NATO-ში საქართველოს ელჩის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, „პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს „NATO-ს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები და აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა NATO-ს დაარსების 75 წლის იუბილეს.“
თუმცა, ბუნებრივია, აქაც, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა და მე ვფიქრობ, არამხოლოდ პარტნიორობის, არამედ, სხვა ჭრილში, სხვა თემებთან დაკავშირებით, მათ შორის, როგორიც არის პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილი და მსხვერპლი NATO-ს საერთაშორისო ოპერაციებში, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში.
ასევე, პირად კონტრიბუციაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, თუკი რომელიმე პარტნიორს და არამხოლოდ პარტნიორს, არამედ, თვითონ NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუტანიათ წვლილი, ყოველთვის, იცით, რომ აღიარებული არის ჩვენი ქვეყანა. ალბათ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ამ კონტექსტში მე-17 მუხლს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით, იმ ბარბაროსულ ქმედებებთან, ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე, ომის დანაშაულების და ა.შ. სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია საქართველო და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი მოლდოვა, სადაც რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა, მომწვევი, ანუ მასპინძელი მხარის თანხმობის გარეშე.
ასევე, მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური დეკლარაცია იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მრავლისმომცველი, არის დაკავშირებული ძირითადად გლობალურ საფრთხეებთან, არის დაკავშირებული იმასთან, რომ NATO მაქსიმალურად უნდა გახდეს ქმედითუნარიანი და თავსებადი საკუთარ კრიტერიუმებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს უფრო მედეგი და პირველ რიგში, წინ აღუდგეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ისევე როგორც დაეხმაროს უკრაინას, რათა არ დამარცხდეს რუსეთთან ომში და მესამე საკითხი არის გლობალური პარტნიორობა. ტყუილად არ იყვნენ მოწვეული ამ სამიტზე აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორები: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იაპონია, რამეთუ სწორედ ამ რეგიონში NATO საჭიროებს დღეს სერიოზულ დახმარებას, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიც არის ტექნოლოგიური საფრთხეები და ამავე დროს მათთან თანამშრომლობის განვითარება ამ კუთხით,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ოპოზიცია მმართველ გუნდს, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებებმა და ანტიდასავლურმა რიტორიკამ, ალიანსთან ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის დახურა. ცნობისთვის, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან დაიწყო, 1994 წლიდან პარტნიორობა მშვიდობისათვის და 1997 წლიდან პარტნიორობის საბჭოს ფორმატში გაგრძელდა. საქართველო, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა მოკავშირეების სამშვიდობო ოპერაციებში.
- ჯონ ბასი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს წევრობის ვალდებულებები
- რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით
-
რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
-
ვილნიუსის სამიტის კომუნიკე: საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით
-
რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში
-
NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს