საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამხედრო დერეფანს ქმნიან

საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ნიკოს დენდიასის Twitter (X) განცხადებით, საბერძნეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა კოორდინირებული სამხედრო მობილობის დერეფნის შექმნა გადაწყვიტეს.


„დღეს ბულგარელ და რუმინელ კოლეგებთან ერთად მოვაწერე ხელი განზრახვის წერილს (LoI) ჰარმონიზებული სამხედრო მობილობის დერეფნის შექმნის შესახებ, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ვაშინგტონში, - დაწერა დენდიასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.


მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საბერძნეთში, ალექსანდროპოლისში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილება დაგეგმილი ქმედებების სისრულეში მოყვანა.

ბერძნული მედიის ცნობით, სამხედრო დერეფანი NATO-ს აღმოსავლეთ ფრთაზე გაივლის.


გეგმა ითვალისწინებს ოთხი პორტის, მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ინტეგრირებას. დერეფანი დააკავშირებს თესალონიკს და ალექსანდროპოლისს ვარნასთან ბულგარეთში და კონსტანცასთან რუმინეთში - ეს არის NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოთხი ქალაქი NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან სიახლოვის გამო.

შეთანხმება საშუალებას მისცემს სამხედრო პერსონალს, შეუფერხებლად გადაადგილდნენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, მისიის შესრულებისას შეუფერხებლად გადაკვეთონ სასაზღვრო პუნქტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ამჟამად საჭირო დროსა და ბიუროკრატიულ პროცედურებს.


გარდა ამისა, რუმინეთი აარსებს NATO-ს უდიდეს ბაზას ევროპაში, რომელიც მოიცავს 30 კვადრატულ კილომეტრ ფართობს 10000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალით. რამშტეინის პერსონალის ნაწილი მალე გადავა მიხაილ კოგალნიცეანუს ბაზაზე, შავი ზღვის სანაპიროზე, რადგან რუსული საფრთხის გამო, კოალიციის ინტერესები სულ უფრო გადაინაცვლებს აღმოსავლეთისკენ.

ვაშინგტონის სამიტი

NATO-ს სამიტზე დასკვნით დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის. „ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული,“ წერია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.


შავი ზღვა

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს.


„ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ.


ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.


შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.