NATO-ს წევრი ოთხი ქვეყანა შორი მანძილის რაკეტების შემუშავებაზე შეთანხმდა

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედ, სახმელეთო ფრთოსან რაკეტებს ერთობლივად შეიმუშავებენ.

ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ამ სფეროში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას ხელი მოაწერეს ვაშინგტონში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.


ქვეყნები მიზნად ისახავენ, გამოასწორონ ევროპულ არსენალში არსებული ხარვეზები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისას გამოააშკარავდა. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ახალი რაკეტა შემაკავებელ ფაქტორს ნიშნავს. მანვე მოუწოდა ბრიტანეთის ახალ მთავრობას, ხსენებულ იდეას შეუერთდეს. მისი თქმით, იარაღის პირველი პროექტი, შესაძლოა, წლის ბოლოს იყოს დაპროექტებული. შემუშავება კი, მოგვიანებით იგეგმება.