საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს - პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია.
„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას,“ - განაცხადა მსხილაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“
თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე,
ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.
24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.
3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა.
3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განიხილავენ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. 5 ივნისს უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს - აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა - მხოლოდ რიტორიკა.
6 ივნისს ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა.
12 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ვიზიტი სამი გზავნილით შეაჯამა და განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიიდან ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით.