მილერი: პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი

„პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი,“ შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოხმაურებაზე შეკითხვების საპასუხოდ გააკეთა. მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის.“


„არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. რამდენადაც მესმის, ისინი გამოაქვეყნებენ, რაც გახდება ცნობილი გამოძიების მიმდინარეობისას. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.


მეთიუ მილერი კრემლის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია.“


„ეს კრემლის მხრიდან წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო კომენტარებია, უპასუხისმგებლო კომენტარების სერიის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და, რა თქმა უნდა, ისინი სიმართლეს არ შეესაბამება,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.


ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა და ამ კონტექსტში „გლობალური ომის პარტია“ ახსენა. კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს.“