აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს, ნათქვამია, რომ საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა დოკუმენტის თანახმად, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად.
„დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. 1991 წლიდან განხორციელებული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ქვეყანაში შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და საქართველოს მთავრობის მიერ გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად ცხრა ნაბიჯი განსაზღვრა, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია და ანტიკორუფციული ძალისხმევა. ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობა გულისხმობს სტრუქტურული რეფორმების გატარებას მრავალ სფეროში, მათ შორის არის ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები, კანონმდებლობა კონკურენციის დაცვის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, სანიტარული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.
ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატით, საქართველო რეგულარულად მაღალ ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში გამჭვირვალობის, კონკურენციის ხელშეწყობისა და ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით. 2005 წლიდან 2023 წლამდე საშუალო წლიური ზრდის ტემპი ხუთ პროცენტზე მეტს შეადგენდა. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალი დეფიციტის, დაბალ ინფლაციისა და მცურავი რეალური გაცვლითი კურსის უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ეკონომიკა კვლავ კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა, ორმაგი შოკის – COVID-ის პანდემიისა და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად. COVID-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ აღდგენა 2021 წელს დაიწყო 10.4 პროცენტიანი ზრდით, ხოლო 2022 წელს კი, მოლოდინს გადააჭარბა 10.2 პროცენტიანი ზრდით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების, ომთან დაკავშირებული იმიგრაციის, ფინანსური ნაკადების ზრდისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გამო.
2023 წელს ეკონომიკის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ინფლაცია 0.4 პროცენტამდე შემცირდა; აღინიშნებოდა უფრო ტრადიციული ეკონომიკური დარგების კვლავ გააქტიურება: ტურიზმი, ექსპორტის ზრდა და უცხოური კაპიტალის ძლიერი შემოდინება. სამწლიანი უწყვეტი ზრდის შემდეგ, 2024 წლის პროგნოზით, მოსალოდნელია საქართველოს მშპ-ის ამ ტრაექტორიის გაგრძელება 5-7 პროცენტიანი ზრდის ფარგლებში.
მთლიანობაში, ბიზნესის და საინვესტიციო გარემო ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. ამავე დროს, სასამართლო სექტორის მიმართ სულ უფრო კლებულობს ნდობა, რომ იგი შესძლებს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად გადაწყვეტას, რადგან ბიზნესთან დაკავშირებული ზოგიერთი საქმის განხილვა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
ზოგიერთი სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტიანობას, ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, კანონებისა და მარეგულირებელი კანონების, მათ შორის ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონების, შერჩევით აღსრულებასა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონის მასშტაბით.
1994 წელს აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი პროდუქცია საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული რეჟიმით შეიტანოს.
საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა განიცადა უშუალოდ პოსტ-საბჭოთა პერიოდში. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია და რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით დასრულდა.
რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიები დაიკავა. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აღნიშნული რეგიონები და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებს არ ცნობს დამოუკიდებელ ერთეულებად. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე „ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების“ სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს.
ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული დარგებია, რადგან საქართველო ცდილობს, სარგებელი მიიღოს მისი ტერიტორიის გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთბრუნვის გაზრდით 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად.
ცენტრალური აზიის ბაზრის გაფართოებამ ასევე განაპირობა გადაზიდვების ბოლოდროინდელი ზრდა ცენტრალური აზიის ბაზრებთან ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის გავლით, რაც საქართველოსთვის შეიძლება გრძელვადიანი ზრდის წყარო გახდეს, განსაკუთრებით სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისა და რეგიონული თანამშრომლობის შედეგად.
2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის, ღრმა საზღვაო პორტის განვითარების ახალი ტენდერი გამოაცხადა; თავდაპირველი ტენდერის შედეგები მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის მარტში ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მშენებლობაზე მთავრობამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. 2024 წლის აპრილში მთავრობამ გამოაცხადა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გეგმების შესახებ,“ ნათქვამია ანგარიშში.