ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსახლეობის ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით დაიწყება და Pfizer-ის ვაქცინას არ დაელოდებიან. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ კიდევ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება იმ შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია იგეგმება. ჩვენ უკვე დავიწყებთ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციას Astrazeneca-ს ვაქცინით და რა თქმა უნდა, Pfizer-ის დალოდება არ მოხდება, რადგან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს " - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება.