ლვოვში, პოლიტიკოს ირინა ფარიონს ესროლეს

უკრაინის ქალაქ ლვოვში, უცნობმა პირმა უკრაინის პარლამენტის (2012-2014 წლებში) ყოფილ დეპუტატს ირინა ფარიონს, სახლის მახლობლად მდებარე ქუჩაზე, ცეცხლი გაუხსნა. ის თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლვოვის პოლიციის ინფორმაციით, მსროლელმა გაქცევა მოახერხა, ის იძებნება. 


ექიმები მის მდგომარეობას სერიოზულად მიიჩნევენ. ლვოვის საკრებულოს დეპუტატი იგორ ზინკევიჩი და ჟურნალისტი მარტა ოლიარნიკი პირველები იყვნენ, ვინც მკვლელობის მცდელობის შესახებ განაცხადეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „განზრახ მკვლელობის მცდელობა“ უწოდა.

„ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აშკარაა, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს და ყველას, ვინც ამ თავდასხმაშია დამნაშავე, სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს,"- განაცხადა ზელენსკიმ.


60 წლის ირინა ფარიონი ფილოლოგი და ენათმეცნიერი, სრულიად უკრაინული ასოციაცია "სვობოდას" წევრია. ის ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვს მინიმუმამდე დავიდეს რუსული ენის, როგორც "ოკუპანტების ენის“ გამოყენება უკრაინაში. რუსეთში, 2015 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ რეპრესიების მოწოდების, სიძულვილის გაღვივებისა და ადამიანის ღირსების დამცირების შესახებ მუხლით. თავად უკრაინაში, 2023 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მათი ეროვნების მიუხედავად მოქალაქეების თანაბარი უფლებების დარღვევის, ასევე პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისა და მიმოწერის საიდუმლოების ხელყოფის შესახებ მუხლებით.

უკრაინაში ივნისის ბოლოს შეიარღებული თავდასხმა მოხდა ოპოზიციონერი აქტივისტსა და ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტ აიდოს სადიყოვზე. მძმედ დაჭრილი სადიყოვი ივლისის დასაწყისში გარდაიცვალა. უკრაინის პოლიციამ დაადგინა თავდამსხმელები, ყაზახეთის მოქალაქეები მეირამ კარატაევი და ალტაი ჟაყანბაევი. უკრაინის პროკურატურამ ყაზახეთის ამ ორი მოქალაქის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.