მას შემდეგ, რაც 21 ივლისს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და აშშ-ის ინტერესების გამო გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭი აღარ იყაროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პატივს სცემენ მის რთულ, მაგრამ ძლიერ გადაწყვეტილებას. უკრაინის პრეზიდენტმა, თავისი ქვეყნის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყოველთვის მადლიერნი იქნებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობისთვის. ზელენსკის თქმით, ბაიდენმა უკრაინას მხარი დაუჭირა ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში და მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში განაგრძობს უკრაინის დახმარებას.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინასა და მთელ ევროპაში სიტუაცია ისევ რთულია და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შემდგომი ძლიერი ლიდერობა რუსულ ბოროტებას არ მისცემს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.