საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და რუმინეთი კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შეთანხმებას გააფორმებენ - მედია

თურქმენეთმა დაადასტურა თავისი განზრახვა, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას კასპია ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ. ეს ინფორმაცია თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აჰმედ გურბანოვის შეხვედრას მოჰყვა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ადრიან გეორგე ფოგისთან. ინფორმაციას აზერბაიჯანული Trend-ი ავრცელებს.


შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, მოემზადონ 2024 წელს ბუქარესტში ოთხმხრივი (თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი) მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერისთვის კასპია ზღვა-შავი ზღვა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ.


ამავდროულად, მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კონტექსტში ადრე მიღწეული შეთანხმებების განხორციელება, ასევე, სატრანზიტო-სატრანსპორტო სფეროში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, გლობალური კარიბჭის ინიციატივის ფარგლებში. (Global Gateway) ინიციატივა მიზნად ისახავს 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზებას 2021 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში.


ცნობისთვის, კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც მოიცავს რუმინეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს. ეს მარშრუტი აძლიერებს ვაჭრობას ევროპასა და აზიას შორის, რაც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის კომბინაციით. ტრანსპორტირების ხარჯების მოსალოდნელი შემცირება და მიწოდების დრო დერეფანს უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის. შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება 2018 წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს აშხაბადში კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


2019 წლის მარტში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.

დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არარსებულ სატრანსპორტო ქსელებში.


ასევე, აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში.


განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი, საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება – ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.